ისტორია მესამე

სიკვდილი

იხ. ისტორია პირველი

იხ. ისტორია მეორე

სტივ ჯობსმა 17 წლის ასაკში წაიკითხა ციტატა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ამან მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ფრაზა ასე ჟღერდა: „გაატარე ყოველი დრე ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყოს, და ადრე თუ გვიან აუცილებლად სწორი იქნება.” როგორც თვითონ სტივი ამბობს, უკვე 33 წელიწადია, ყოველ დილას სარკეში იხედება და საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას: დღეს ჩემი უკანასკნელი დღე რომ იყოს, გავაკეთებდი თუ არა იმას რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? და როცა მრავალჯერ საკუთარ თავს უარყოფით პასუხს ვაძლევ, ვხვდები რომ რაღაც უნდა შევცვალო!  სიკვდილის პირისპირ ყველაფერი მომენტალურად ქრება. რჩება მხოლოდ ის რაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. სიკვდილის არ დავიწყება მეხმარება იმ ფიქრების თავიდან მოსაშორებლად, იმის შესახებ რომ რაიმე მაქვს დასაკარგი.

რამდენიმე წლის წინ სტივს დაუსვეს საშინელი დიაგნოზი – კიბო… სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვალზე. ექიმების თქმით, მისი განკურნება შეუძლებელი იყო და მას მხოლოდ 3–6 თვის სიცოცხლეღა დარჩენოდა. მედიცინის მუშაკებმა სტივს ურჩიეს წასულიყო სახლში და სათანადოდ მომზადებულიყო უსიამოვნო მომავლისათვის. სიკვდილისთვის მზადება, სტივის გადასახედიდან ნიშნავდა ოჯახისთვის ეთქვა ყველაფერი, რისი თქმაც უნდოდა, მოემზადებინა ისინი სათანადოდ, რომ სამწუხარო მომავალს შეჰგუებოდნენ.

სტივი მთელი დღე ამ დიაგნოზით იყო დათრგუნული. საღამოს კი მას ბიოფსია ჩაუტარეს და აღმოჩნდა რომ მას ის უიშვიათესი დაავადება ჰქონდა, რომლის განკურნებაც შესაძლებელი იყო. ჯობსს ოპერაცია გაუკეთეს, ის გადარჩა და თავს ახლა მშვენივრად გრძნობს.

სტივი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა სიკვდილთან.

მე ეს ყველაფერი გავიარე და ახლა, მინდა დარწმუნებით გითხრათ, ვიდრე ამას ვიტყოდი მაშინ, როცა სიკვდილი თითქოს გარდაუვალი იყო:

არავის სურს სიკვდილი, არც მათ, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენა გარდაუვალია, ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს ამ სამყაროს. მისთვის ჯერ არავის აურიდებია თავი. და ჩემი აზრით, სიკვდილი, სიცოცხლის შემდეგ ყველაზე კარგი გამოგონებაა. ის რომ არა, განსხვავებულად ვიცხოვრებდით. სიკვდილი ცხოვრებისეული ცვლილებების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

ჩვენი, ყველასი დრო შეზღუდულია, ამიტომ ჩვენ ხელთ არსებული ძვირფასი დრო არ უნდა დავკარგოთ სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ იცხოვრებთ ამა ტუ იმ იდეოლოგიით მხოლოდ იმიტომ, რომ  ეს ვირაცის ნააზრევია. იბრძოლეთ, რომ სხვებმა არ ჩაახშონ თქვენი შინაგანი ხმა. გქოდეთ საკუთარი თავის, პიროვნების, ინტუიციის იმედი. ყველაფერს გამბედაობით შეეჭიდეთ და ბოლომდე მიჰყევით. ის თუ ჭეშმარიტან რა გსურთ მხოლოდ გულმა და ინტუიციამ იციან. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

იყავით მშივრები. იყავით თავზეხელაღებულები.”

ისტორია მეორე
სიყვარული და დანაკარგი
იხ. ისტორია პირველი: წერტილების შეერთება

სტივ ჯობს გაუმართლა, მან საყვარელი საქმე ძალიან მალე იპოვა. ის და სტივ ვოზნიაკი თავდაპირველად ჯობსის მშობლების ავტო ფარეხში მუშაობდნენ. 10 წელიწადში კი ორკაციანი გუნდი გადაიქცა ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ, ორ მილიარდ დოლარიან კომპანიად, სადაც დასაქმებული იყო 4 ათასზე მეტი ადამიანი. პირველ წარმატებას ისევ მარცხი მოჰყვა. სტივ ჯობსი საკუთარი კომპანიიდან გააგდეს.

“კომპანია Apple ვიტარდებოდა და ნელ-ნელა იზრდებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ადამიანი დაგვექირავებინა, რომ ჩემთან ერთად გაძღოლოდა საქმეებს. ეს იყო პიროვნება, რომელსაც ძალიან ნიჭიერად ვთვლიდი და დიდ იმედებს ვამყარებდი. პირველი წელიწადი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ჩვენ ერთად ვმუშაობდით. მაგრამ თანდათანობით ჩვენი შეხედულებები შეიცვალა და ჩვენ ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს, ვეღარ ვთანხმდებოდით. გაუტავებელ უთანხმოებებს მოჰყვა ის, რომ დირექტორთა საბჭომ მისი მხარი დაიჭირა… მე კი 30 წლის ასაკში დავკარგე ყველაფერი, რისთვისაც ამდენი ხანი ვწვალობდი. მე უმუშევრად დავრჩი.”

მიუხედავად ასეთი წარუმატებლობისა, სტივმა გადაწყვიტა ყველაფერი დაეწყო თავიდან. “ზურგი მაქციეს, მაგრამ მე მაინც შეყვარებული ვიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო…” დღევანდელი გადმოსახედიდან სტივ ჯობს მიაჩნია რომ მისი გამოგდება კომპანიიდან იყო ახალი ეტაპის დასაწყისი და სხვანაირად არც უნდა მომხდარიყო. აქ იწყება სტივის ყველაზე შემოქმედებითი და წარმატებული ცხოვრების პერიოდი.

მომდევნო 5 წლის მანძილზე მან დააარსა კომპანიები Pixar და Next. სტივმა პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცალა. მას შეუყვარდა ქალი, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. Pixar იყო პირველი სტუდია, რომელმაც შექმნა სრულმეტრაჟიანი ფილმი კომპიუტერული ანიმაციის გამოყენებით. დღესდღეობით ის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა მთელ მსოფლოში. მოხდა ისე, რომ Apple-მ Next იყიდა და სტივ ჯობსი ისევ მისი დაარსებული კომპანიის ბორტზე აღმოჩნდა. Apple–მ გამოიყენა სტივის ის ტექნოლოგიები, რომლებიც ნექსთში შეიქმნა. Apple-ს ამ ტექნოლოგიებმა დიდი წარმატებები მოუტანა.

“მჯერა და დარწმუნებული ვარ მოვლენები ასე არ განვითარდებოდა, საკუთარი კომპანიიდან თუ არ გამომაგდებდნენ. წამალს ნამდვილად ცუდი გემო ჰქონდა, თუმცა პაციენტს შეერგო. ხდება ისე, რომ ზოგჯერ ცხოვრება დაუნდობელია, თუმცა არასოდეს არ უნდა დაკარგო რწმენა. საქმის სიყვარულია ის, რამაც მე უკან დახევის საშუალება არ მომცა. ასევე თქვენც უნდა იპოვოთ თქვენი სიყვარულის ობიექტი. თუ ჯერ კიდევ ასეთი რამ არ გიპოვიათ, ძებნა განაგრძეთ! აუცილებლად იპოვით.  ეძებეთ, სანამ არ იპოვით. ნუ დანებდებით”

ისტორია პირველი
წერტილების შეერთება

დღეს შემოგთავაზებთ ადამიანის ისტორიას, რომელიც ერთ–ერთია იმ 13 პიროვნებას შორის, რომლებმაც სამყარო შეცვალეს. (ჯინ ლანდრამი “13 მამაკაცი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”).

მისი უიღბლობა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დაიწყო. მისი ნამდვილი დედა გაუთხოვარი და ახალგაზრდა სტუდენტი იყო. დედამ ბავშვის გაშვილება გადაწყვიტა, მას სურდა რომ ბავშვის მშობლები უმაღლესდამთავრებულები ყოფილიყვნენ. შეთანხმების მიხედვით, ის დაბადებისთანავე უნდა აეყვანა იურისტის ოჯახს. მაგრამ უკანასკნელ მომენტში მასზე უკვე მეორედ თქვეს უარი. იურისტის ოჯახმა არ ისურვა მისი აყვანა სქესის გამო. მათ გოგონა უნდოდათ და არა ბიჭი. ბავშვის მსურველები ბევრნი იყვნენ და დედას მისი გაშვილება არ გასჭირვებია. თუმცა მალე გაირკვა რომ ახალ მშობლებს სულაც აქ ქონდათ უმაღლესი დამთავრებული. ბიოლოგიურმა დედამ ბავშის ახალ ოჯახს დოკუმენტზე მოაწერინა ხელი, რომელიც მათ ავალდებულებდა ხელი შეეწყოთ ბიჭისთვის ინსტიტუტში ჩაბარებასა და სწავლაში.

ბიჭი 17 წლის იყო როცა კოლეჯში მივიდა, თუმცა მალე მიხვდა რომ სულაც არ აინტერესებდა ის, რაც აირჩია. სწავლის საფასური კი ძალიან მაღალი იყო, მშობლების მთელი დანაზოგი მის მომზადებას მოხმარდა. მან სწავლა შეწყვიტა და ესწრებოდა მხოლოდ იმ ლექციებს რომლებიც არ იყო სავალდებულო და მას მართლა აინტერესებდა.

“თუმცა ყველაფერი ისეთი მარტივი არ იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მე საკუთარი ოთახიც კი არ მქონდა. მეგობრების ოთახებში ვათევდი ღამეს, იატაკზე მეძინა. კოკა–კოლას ბოთლებს ვაბარებდი რომ საჭმლის ფული მაინც შემეგროვებინა. კვირაში ერთხელ ინდურ ტაძარში დავდიოდი უფასოდ რომ მევახშმა, გზა ტაძრისაკენ კი შორს იყო, მე 10 კილომეტრს გავდიოდი ფეხით”…

იმ დროს Reed College-ში იკითხებოდა კურსი კალიგრაფიის შესახებ. მან გადაწყვიტა ლექციებს დასწრებოდა და ესწავლა ლამაზი წარწერების გამოყვანა. იგი ძალიან მოიხიბლა ახალი სალექციო კურსით. ის რაც მან აქ ისწავლა, საბოლოოდ მისი წარმატების მთავარ მიზეზად იქცა.

მაკინტოშის პირველი კომპიუტერი, ულამაზესი ტიპოგრაფიით – აი სად გამოადგა სტივ ჯობსს კალიგრაფიის კურსებიდან მიღებული ცოდნა. ის რომ არ დასწრებოდა ამ ლექციებს, მაკინტოშს არასოდეს ექნებოდა ამდენი დახვეწილი და ლამაზი შრიფტი. და გამომდინარე იქედან რომ ვინდოუსი წარმოადგენს მაკის ასლს, საერთოდ არც ერთ კომპიუტერს არ ექნებოდა ყველაფერი ის, რაც სტივმა შექმნა. 

“როცა ინსტიტუტში ვესწრებოდი ლექციებს, მაშინ რა თქმა უნდა,  წერტილების ასე შეერთება შეუძლებელი იყო. მაგრამ გავიდა 10 წელი და ბევრი რამ უკვე შესაძლებელი გახდა! გავიმეორებ: წერტილებს ვერ შეაერთებთ მომავალში ყურებით, ეს ყველაფერი მხოლოდ უკან მოხედვისასაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო უნდა გქონდეთ რწმენა, რომ ოდესმე, მომავალში ეს წერტილები აუცილებლად, რაიმე ხერხით შეერთდება! ბედისწერის, სიცოცხლის, წარმატების, კარმის, საკუთარი ჟინია ან ნებისმიერი რამის უნდა გწამდეთ, გჯეროდეთ და ეს პრიციპი არასოდეს გიღალატებთ. ამან ჩემი ცხოვრება უკვე ბევრჯერ შეცვალა!”

ისტორია მეორე: სიყვარული და დანაკარგი



იმის მერე რაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა კომპიუტერი და ინტერნეტი, ტელევიზორს თითქმის საერთოდ არ ვუყურებ. ჯერ ერთი, ინტერნეტში ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად მოძებნი… მეორეც, საყვარელი ფილმის ყურების დროს, ყველაზე საინტერესო მომენტში ნახევარსაათიანი სარეკლამო გაჭრებით თავს არავინ მოგაბეზრებს და ა.შ.

მაგრამ ზოგჯერ, ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც იყოს რაღაც საინტერესო. ბიზნეს კურიერს ვგულისხმობ. მართალია გადაცემა სულ რაღაც ნახევარი საათი გრძელდება, მაგრამ ბევრი ახალი რამის გაგება შეიძლება ამ 30 წუთში.

საქართველოში განვითარებადი ან უკვე წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები საუბრობენ საკუთარ საქმანობაზე, სტრატეგიებზე. თუმცა ქართველ ბიზნესმენებს ცოტა არ იყოს უჭირთ დეტალური ინფორმაცია საჯაროდ განაცხადონ და გაურბიან ზუსტ რიცხვებზე საუბარს. წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის შეკითხვებს ისინი, როგორც წესი, ძალიან ზოგადად პასუხობენ და თავს არიდებენ კონკრეტულ პასუხებს. არ მესმის ასე რატომ უჭირთ ილაპარაკონ თავისუფლად. მათთვის დასმული შეკითხვები სულიად არ ითხოვს რაიმე კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემას. კიდევ ერთი, ქართველ ბიზნესმენებს არ უყვართ საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკი. თუ რამე ისე არ მიდის ყოველთვის სხვას აბრალებენ, ან სახელმწიფოს პოლიტიკას, ან დილერებს, მომწოდებლებს, კრიზისს…

სამაგიეროდ უყვართ რიცხვების გაბერვა, თუ ეს წარმატებას ეხება. მაგალითად, საუბრობენ 100%–ან ზრდაზე. რეალურად, პროცენტული ცვლილება ბევრს არაფერ ამბობს. თუ წინა თვეში მხოლოდ ერთი მანქანა გავყიდე და ამ თვეში ორი ცალი, გამოდის რომ 100%–ანი ზრდა მაქვს გაყიდვებში. მაშინ როცა სხვამ ვთქვათ პირველ თვეშ 50 ცალი გაყიდა, შემდეგ თვეში 60, გამოდის რომ მას მხოლოდ 20%–ანი ზრდა ჰქონია.

და მაინც არ მესმის, რატომ გაურბიან შეკითხვებზე პასუხის გაცემას?

რა სჭირდება კომპანიას წარმატებისათვის? ერთ–ერთი მთავარი რამ რეკლემირება და პიარია, ასე არაა?! ჩვენს დროში, როცა სულ ახალი და ახალი კომპანიები ჩნდება, კონკურენციაც მძაფრდება… ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყო კრეატიული და ორიგინალური. ადამიანის ფანტაზიას კი, დამეთანხმებით ალბათ, რომ საზღვრები არ აქვს!

Read the rest of this entry »

რა არის წარმატება?
წარმატების სწორი განმარტება ალბათ იმდენივეა რამდენი ადამიანიც დადის ამ ქვეყანაზე.. ზოგისთვის წარმატება პირველი ნაბიჯებია, ზოგისთვის პირველი 5-ანი (თუ უკვე 10-ანი?!) სკოლაში. ზოგიერთისთვის “წარმატება ისაა ეროვნულ გამოცდებზე პასუხების პურცელზე სისულელეს რო მიაწერ და ქულას მაინც დაგიწერენ” © …

ჩემი აზრით კი წარმატება მთის მწვერვალს ჰგავს… ქარში, წვიმაში და თოვლშიც მისკენს ისწრაფვი… და მიაღწევ თუ არა, განუზომელ ბედნიერებას, შვებას და სიხარულს რომ გრძნობ. თუმცა იცი: აქ არაფერი მთავრდება! არ უნდა მოდუნდე,  არ უნდა გაუთამამდე წარმატებას, თორემ უეცრად ქარი ამოვარდება, სუსხიან ხელს წაგავლებს და რამდენიმე წამში მწვერვალიდან მთის ძირისკენ გაგიტაცებს…

“წარმატება ერთჯერადი აალების შედეგად არ მოდის – საკუთარ თავს მუდმივად ცეცხლი უნდა შეუნთო ხოლმე”.რეგი ლიჩი

მაგრამ წარმატება ყოველთვის წარმატება არაა. ის შეიძლება სულ ორიოდ წამით მოგვეჩვენოს წარმატებად და მერე ვხვდებით: მიზანმა ისე დაგვაბრმავა რომ უამრავი შეცდომა დავუშვით ამ გრძელ, ციცაბო გზაზე. ყველაფრის გამოსწორება კი სამწუხაროდ, შეუძლებელია…

პირველ რიგში, იმისთვის რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ და თავი წარმატებულებად ვიგრძნოთ, ზუსტად უნდა გავარკვიოთ რა გვინდა, რას ველოდებით… უნდა გავთვალოთ ის მატერიალური და არამატერიალური ხარჯები, რომლებიც ახლავს გზას მწვერვალამდე.

A.K.

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგიო, ჩემთვის რომ გეკითხათ, გიპასუხებდით რომ მას არ ქონდა ტელევიზორი!!! ბავშვობაში არაფერი მანიჭებდა იმაზე დიდ სიამოვნებას, რასაც განვიცდიდი მულტფილმების ყურების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ვიდეოფირი 1000-ჯერ თუ არა 100-ჯერ მაინც მქონდა ნახანი, მაინც ხელახლა ვატრიალებდი უკვე კარგად ნაცნობ მულტფილმს. რაღა წარსულზე ვილაპარაკო და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნის მეხუთედს მალე გადავაბიჯებ, დისნეის კეთილი ზღაპრების ყურება სულაც არ მბეზრდება.

Disney მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა ბაზარზე. ის თავიდან მხოლოდ შავთეთრ ნახატ ფილმებს უშვებდა. დღესდღეობით კი Disney მომხმარებელს უამრავ პროდუქტს სთავაზობს, დაწყებული ძირითადი პროდუქტიდან – ანიმაციებიდან  დამთავრებული გასართობი ატრაქციონებით. Disney-ს სამომხმარებლო ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, კომპანია მხოლოდ მცირეწლოვანებზე კი არა, უკვე მოზარდებზეც და ზრდასრულ ადამიანებზეცაა ორიენტირებული. ამის მიღწევაში მას დაეხმარა ის სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ამ ბოლო წლებში წარმატებით განახორციელა, მაგალითად კომპანიის პროდუქტი High School Musical, Hannah Montana, და the Jonas Brothers არა მარტო ფილმებს წარმოადგენენ, არამედ ესტრადის ნაწილსაც (არც ერთი მათგანი მე დიდად არ მხიბლავს, თუმცა ამერიკელ მოზარდებში სამივე პროექტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს). ამ ფილმების მსახიობ მომღერლებს აქვთ დისნეის სტუდიის მხარდაჭერა, ბაზარზე იყიდება მათი ალბომები და ეწყობა ტურნეები სხვადასხვა ქვეყნებში. ასე რომ, მათი საშუალებით დისნეიმ სამომხმარებლო ბაზარი მნიშვნელოვნად გააფართოვა.

Pirates of the Caribbean გახდა დისნეის წარმატების  კიდევ ერთი იარაღი. ამ პროდუქტმა კომპანია ახალ ბაზარზე გაიყვანა. დისნეის მომხმარებლები გახდნენ ზრდასრული ადამიანებიც, რომლებიც სიამოვნებით ელოდებოდნენ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალი სერიის გამოჩენას კინოთეატრებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ დისნეიმ Disney Channel პრემიუმიდან გადაიყვანა ჩვეულებრივ არხზე, ამიტომ მომხმარებლებს აღარ უწევთ კონკრეტულად ამ არხის ყურების უფლების მოსაპოვებლად გადაიხადონ გარკვეული თანხა. შედეგად კომპანიას გაეზარდა მაყურებელთა რიცხვი. კომპანიამ ასევე შექმნა ახალი არხი სახელწოდებით Disney😄 channel, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ახალ შოუებს.
სხვადასხვა პროდუქციის გამოშვება უზრუნველყოფს რისკების გადანაწილებას. გარდა ამისა, ანიმაციური და ჩვეულებრივი ფილმები წარმოადგენენ კომპიუტერული თამაშების, ატრაქციონების და დისნეის წარმოების სხვა ფილმების საკმაოდ ეფექტურ რეკლამას.

ვოლტ დისნეი და მისი მულტფილმების პირველი გმირი - მიკი მაუსი

ვოლტ დისნეი და მისი მულტფილმების პირველი გმირი - მიკი მაუსი

კომპნიის გენერალური დირექტორის, ბობ აიგერის, ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო Pixar-ის შეძენა. გაერთიანებამდე Disney -ს არ ჰქონდა იმ ტიპის მულტფილმები, რომელსაც Pixar სთავაზობდა მომხმარებლებს, იგულისხმება სამგანზომილებიანი კომპიუტერული ფილმები. ცხადია მას შეეძლო თავად შეექმნა მსგავსი სტუდია რომელიც ისეთივე ანიმაციურ ფილმებს გამოუშვებდა, როგორსაც უშვებს Pixar, თუმცა ეს სტუდია უკვე საკმაოდ იყო განვითარებული და პოპულარობას არ უჩიოდა. გაერთიანება ორივე კომპანიისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ამ გაერთიანებით კომპანიას გაუჩნდა ახალი სახის პროდუქტი პატარა მაყურებლებისათვის. პიქსარის ერთ-ერთი პროდუქტის, Cars -ის გამოჩენა ბაზარზე დისნეისთვის იყო ძალიან მომგებიანი და წარმატებული. ჯერ ერთი იმიტომ რომ მისი საშუალებით დისნეიმ აითვისა ბაზრის ის ნაწილი, რომლის მოცვა არ შეეძლო სხვა მულტფილმებს (რადგან ისინი ძირითადად გათვლილი იყო გოგოებზე).

Cars ასევე გახდა ახალი ატრაქციონების შექმნისა და მოწყობის იდეის წყარო, რომელიც ფილმებისაგან განსხვავებულ პროდუქტს წარმოადგენს და მიიზიდავს ყველა ადამიანს და ბაზრის იმ სეგმენტს, რომლებსაც ემსახურებიან სხვადასხვა ატრაქციონის პარკები. დისნეის ანიმაციურ გმირებს კი ახალი „სახეები“ დაემატა პიქსარის სტუდიის დახმარებით.

რაც შეეხება ბობ აიგერის სტრატეგიულ გეგმას, ჩემი აზრით, მთავარი იდეა იყო ახალ ბაზარზე გასვლა, ახალი მომხმარებლის მოზიდვა, დაკარგული სეგმენტის ათვისება… როგროც ჩანს ჩაფიქრებულ გეგმას კარგად გაართვა თავი. პიქსარის შესყიდვა გახდა წარმატების და კომპანიის წინსვლის ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი. პიქსარის მეშვეობით დისნეის გაუჩნდა ახალი ანიმაციური გმირები. კარიბის ზღვის მეკობრეების გამოჩენა კინემატოგრაფიაში ნამდვილად არის დისნეის კომპანიის სერიოზული ნაბიჯი, ის გავიდა ახალ სეგმენტზე (adults). როგორც ჩანს დისნეი აპირებს მომხმარებელთა სეგმენტის სერიოზულ გაფართოებას. ამისთვის კი მას უკვე აქვს სახელი და პრესტიჟი. ყველა ვინც დისნეის მულტფილმებზე გაიზარდა, მოხარული იქნება იხილოს მისი ბავშვობის მეგობარი კომპანიის ახალი პროდუქტი ამჯერად უკვე მოზარდებისთვის.

დისნეის არხის გადაყვანა პრემიუმიდან იყო სწორი ნაბიჯი, რომლაც მაყურებელთა რიცხვი და დისნეის პროდუქციის მომხმარებლები გაზარდა. ახალი და საოჯახო კომედიური შოუების შექმნის შედეგად დისნეიმ არა მარტო პოზიციები გაიმყარა, არამედ გაზარდა მომხმარებელთა რიცხვი. დისნეის პროდუქცია ამჭამად კლასიფიცირებულია არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელისათვის.

A.K.

საუკუნეების მანძილზე ბევრი დამპყრობელი ცდილობდა მსოფლიოს მბრძანებელი გამხდარიყო. თუმცა ის რაც 20 საუკუნის მანძილზე ვერცერთმა მოკვდავმა ვერ შეძლო, მოახერხა, მაგალითად, კოკა-კოლამ და სხვა მეგა ბრენდებმა.

კოკა-კოლა ამერიკელი ხალხისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდია. მრავალი წლის მანძილზე ბაზარზე არსებობდა ამ კონპანიის მხოლოდ ერთი სახის პროდუქტი (კოკა კოლა კლასიკი), რომელიც ამერიკელების ფავორიტ გამაგრილებელ სასმელად იქცა. ფაქტიურად, ეს პროდუქტი ამერიკელი მოსახლეობის ცხოვრების წესის ნაწილი გახდა. თუმცა ნელ-ნელა კომპანიის მენეჯერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ბაზრის სეგმენტაცია.გადაწყვიტეს თითოეული სეგმენტისთვის განსხვავებული შემადგენლობის, სხვადასხვა გემობრივი თვისებების სასმელი შეეთავაზებინათ. ამით კოკა კოლა მიაღწევდა იმას, რომ ექნებოდა შესაძლებლობა დაეკმაყოფილებინა მომხმარებელთა განსხვავებული მოთხოვნილებები და მომხმარებლების უფრო დიდი მასა. კომპანიის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა აეხსნა მომხმარებლებისათვის, რომ მისი ახალი პროდუქტის გემობრივი თვისებები ზუსტად ისეთივეა როგორიც კოკა კოლა კლასიკის. ამასთან ის არაკალორიული სასმელია. ასე რომ, ახალგაზრდა მამაკაცებში ამ პროდუქტს დიდი პოპულარობა უნდა მოეპოვებინა. კომპანიამ ყველანაირ მარკეტინგულ გზას მიმართა მიზნის მისაღწევად. მარკეტინგული კამპანია აგებული იყო მომხმარებლის კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვებაზე. Coke Zero საზოგადოებამ 2005 წელს გაიცნო. ამ პროდუქტის მიზნობრივ სეგმენტს ახალგაზრდა მამაკაცები წარმოადგენენ 18-დან 34 წლამდე. ეს სასმელი, Diet Coke-ის მსგავსად, უშაქროა. სპეციალურად მამაკაცების ამ სეგმენტის დასაპყრობად კოკა-კოლამ გადაწყვიტა პროდუქტის სახელისათვის სიტყვა „დიეტური“ მოეშორებინა, რადგან ასეთი დასახელების პროდუქტი მამრობითი სქესის წარმომადგენლებს არ იზიდავდა. მათთვის სიტყვა „დიეტა“ მდედრობით სქესთან ასოცირდება, ამიტომაც გაურბიან Diet Coke-ის შეძენას. Coke Zero-ს რეკლამებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ მოქმედი პირები მამაკაცები არიან და რეკლამის სიუჟეტიც მამრობითი სქესის წარმომადგენლების ინტერესებზეა აგებული. (მაგალითად: რეკლამა, რომლის სიუჟეტი ვითარდება სპორტის, ფეხბურთის თამაშის ფონზე და ა.შ.) 22 წლის მანძილზე კოკა-კოლას კომპანიისათვის Coke Zero იყო ბაზარზე ახალი პროდუქტის ყველაზე მასშტაბური გაშვება [Wikipedia (2006) Coca-Cola Zero], თუმცა გაყიდვები არ იყო ისეთი სიდიდის როგორსაც მენეჯერები მოელოდნენ. რეალიზაცია აღწევდა პიკს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, რომელის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებს სიცხემ გაუჩინათ გაგრილების მოთხოვნილება. გრილ სეზონებზე კი გაყიდვები იკლებდა. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ Coke Zero კანიბალიზაციას ეწეოდა Diet Coke-სთან მიმართებაში. [Times Online (2006) Coke Zero sales fall to deflate sugar-free fizz]. აღმოჩნდა, რომ Coke Zero-ს შესყიდვები იზრდება, Diet Coke-ის მოხმარება კი არა. პროდუქტები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ორივე მათგანი უშაქრო დიეტური სასმელია, განსხვავებულია გენდერული სეგმენტი. მამაკაცები არ გადავლენ Diet Coke-ის მოხმარებაზე, თუმცა Diet Coke-ს მომხმარებლების გადასვლა Coke Zero-ზე არ უნდა იყოს აზრს მოკლებული. მითუმეტეს, როცა მომხმარებლებს არწმუნებენ რომ Coke Zero-ს ისეთივე გემო აქვს, როგორც Classic Coke-ს. რაც შეეხება Classic Coke-ის მომხმარებლებს, მათი დიდი ნაწილი ალბათ გადავა კიდეც ახალ კოლაზე, რომელსაც იგივე გემო აქვს და თანაც არაკალორიულია. რატომ გადავლენ Pepsi-ს ან ,ვთქვათ, Pepsi Max-ის მომხმარებლები სხვა პროდუქტზე? რას სთავაზობს კომოანია მათ ახალს? Coke Zero-ს ხომ ისეთივე გემო აქვს როგორიც კოკა კოლა კლასიკს?!. ანუ Pepsi-ის მომხმარებლებს ვთავაზობთ იგივე გემობრივი თვისებების მქონე კოკა კოლას, რომლის მიმართ ამ მომხმარებლების დამოკიდებულება კარგად ჩანს მაშინ, როცა ისინი მარკეტში Pepsi-ს ყიდულობენ. ასე რომ, Pepsi-ის ერთგული მომხმარებლების კოკა კოლას ახალი პროდუქტის მიმართ გულგრილები დარჩნენ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ზერო ახალ მომხმარებლებს ვერ მიიზიდავს თუ იგივე გემო აქვს, რაც კოკა-კოლა კლასიკს, რადგან ვისაც აქამდე კლასიკი არ მოსწონდა ახლა მათ კომპანია გემობრივი თვისებების მხრივ ახალს არაფერს სთავაზობს. ასე რომ, ზეროს გამოჩენა გახდება კანიბალიზაციის მიზეზი კომპანიის პროდუქტებს შორის. A.K.

გარსია მარკესს უთქვამს: “ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.”
გინდათ გამოცადოთ საკუთარი მეგობრები? შედეგი შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს სასიამოვნო, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა დაგანახებთ იმ ადამიანის რეალურ სახეს, რომელთან ერთადაც რაღაც საერთო საქმე დაუვალებიათ შესასრულებლად.
თურმე რა ადვილად შეუძლიათ ადამიანებს საერთო საქმეშიც კი ხელი კრან მეგობრებს და როცა ყველაფერი, ავად თუ კარგად, ბოლოს და ბოლოს მაინც დასრულდება, ისეთ სახეს მიიღებენ თითქოს არც არაფერი მომხდარა. ისევ დარეკავენ, მოგიკითხავენ, გისაყვედურებენ უყურადღებობის გამო და სადმე დროის გასატარებლად შემოგთავაზებენ წასვლას. თითქოს რაც მოხდა ყველაფერი ღამის კოშმარი და ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყოს: მეგობრის უპასუხისმგებლობის გამო გათენებული ღამეები და ზედიზედ გამოცლილი ყავის ჭიქები…
მოდი და ნუ შეიმჩნევ სახლში ძლივს მისულს, ლოგინამდე მიღწევის მეტი სხვა სურვილი რომ არ გაქვს, გირეკავს და წყინს ადრე რომ წამოხვედი, სადმე მაინც უნდა გასულიყავით ერთად. იმის აღსანიშნავათ რომ ყველაფერმა ჩაიარა და საერთო საქმეც შესრულდა.

ამიტომაც ყოველთვის რთულია ჯგუფში მუშაობა მეგობრებთან ერთად. კარგმა მენეჯერმა კი უნდა მოახერხოს საერთო საქმეში ყველა წევრის აყოლიება.

მეგობრობა არსებობს იმისთვის, ერთმანეთს რომ მხარში ამოვუდგეთ. გასაგებია, თუ რაღაც ისე არ არის, ამ დროს ნამდვილი მეგობარი არ მიგატოვებს. მაგრამ, ამან სისტემატიური სახე თუ მიიღო მაშინ უკვე სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
არასოდეს მესმოდა, თუ ისიც მეგობარია, რატომ არ უნდა გააკეთოს თავისი წილი საქმე მაინც და რატომ უნდა დატოვოს სხვა უამრავი მასალის გასარჩევად და დასალაგებლად მარტო. რატომ აქვს მას ყოველთვის პრობლემები? ხან ცუდადაა, არ აქვს საქმის კეთების თავი. ხან დაიღალა, ხან უბრალოდ რაღაც მიზეზის გამო ვერ მოახერხებს ცოტა დრო გამონახოს.
მაგრამ თუ მოახერხა და საქმის გასაკეთებლად დაჯდა, პრობლემა ამითაც არ მოგვარდება. თურმე რაღაც არ გამოსდის, მასალა არ ყოფნის, ინფორმაციას ვერ პოულობს… მოკლედ პრობლემები არასოდეს მთავრდება.

ასე რომ, ჩემი აზრით ბიზნესი და მეგობრობა უმეტეს შემთხვევაში განყენებული, შეუთავსებელი ცნებებია. საქმიანი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში გამორიცხავს ადამიანებთან ზედმეტ სიახლოვეს. ზოგადად, საქმის წარმატებით წარმართვას ზედმეტი ემოციები არ სჭირდება. ამიტომაც, რაც უფრო ცივი გონებით უდგები ყველაფერს, მით უფრო კარგ და ხარისხიან შედეგს იღებ.
რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ არსებობენ ისეთი მეგობრებიც, რომლებიც საქმეშიც მუდამ ერთგულები არიან და პირად ინტერესებზე უარს დაუფიქრებლად ამბობენ. ასეთი ადამიანები მხოლოდ ერთეულები არიან.

P.S. ალბათ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ საქმიანი ურთიერთობები უფრო წარმატებული იქნება, როცა ამ ადამიანებთან არ გვაკავშირებს პირადი ინტერესები.

P.P.S. თქვენი აზრიც ძალიან მაინტერესებს.